ეს თემა ხშირად განიხილება ნბა-ში და მოთამაშეებიც ხშირად სხვადასხვა პასუხს იძლევიან კითხვაზე: რა ასაკში აღწევს მოთამაშე კარიერის პიკს?

კვლევის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში All-NBA-ს გუნდებში არჩეულ მოთამაშეთა საშუალო ასაკი 26.7-28.7 წელია, ისტორიულად კი - 27.7.

მხოლოდ ორჯერ იყო შემთხვევა, როცა All-NBA გუნდებში არჩეულთა საშუალო ასაკმა 30 წელს გადააჭარბა (1996-97; 1997-98). ამ წლებში გადამწონი ფაქტორები იყვნენ: მაილკ ჯორდანი (34), კარლ მელოუნი (34), ჰაკიმ ოლაჟუვონი (34), პატრიკ იუინგი (34), ჯონ სტოქტონი (34) და რეჯი მილერი (32). 1998-99 სეზონში კი ბევრი ჩანაცვლება მოხდა: კობი ბრაიანტი (20), კევინ გარნეტი (22), ალენ აივერსონი (23), ანტონიო მაკდაისი (25), ჯეისონ კიდი (25) და კრის უებერი (25). ყველა ჩამოთვლილი პირველად მოხვდა All-NBA-ში.

საინტერესოა ფაქტი, რომ 35 წელს ზევით მხოლოდ 12 მოთამაშე არის მოხვედრილი All-NBA გუნდში. აბდულ-ჯაბარმა ეს 3 ჯერ მოახერხა, მელოუნმაც. ტიმ დანკანი 1986 წლის მერე ყველაზე ასაკოვანი All-NBA მოთამაშეა. ჯაბარის და მელოუნის გარდა, ტიმი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 2-ჯერ მოიპოვა ეს დამსახურება, მას შემდეგ რაც უკვე 35 წლის იყო.

რა თქმა უნდა, აქ გვერდს ვერ ავუვლით ლებრონს. იგი ახლახანს 34 წლის გახდა. ეს არის კარიერული წერტილი, როდესაც ძალიან ცოტა განიხილება საუკეთესოთა შორის. კობი, ჯორდანი, იუინგი, დომინიკ უილკინსი და დევიდ რობინსონი სწორედ 34 წლის ასაკში მოხვდნენ ბოლოჯერ All-NBA გუნდში. მაგრამ ჯეიმსი ასაკობრივ დაღმასვლას უბრალოდ უგულებელყოფს და დღესაც მვპ-ის ერთ-ერთი პრეტენდენტია.


ცხადია, რომ შუაოცდაათიანებიდან ლებრონსაც დაეწყება პრობლემები, განსაკუთრებით ათლეტურობასთან მიმართებით, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და ფორმაში ყოფნისადმი დამოკიდებულება მართლაც გასაოცარია. კარიერის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის ფაქტი, რომ ჯეიმსი ყოველწლიურად $1.5 მლნ-ს ხარჯავს საკუთარი სხეულის მოვლაში, და რა თქმა უნდა, ამის უკან - აბსურდული შრომა.

ამრიგად, დღევანდელი All-NBA მოთამაშის საშუალო ასაკი დაახლოებით 27 წელია. საინტერესოა სადამდე გაქაჩავს ჯეიმსი და ზოგადად როგორ შეიცვლება ასაკობრივი ტენდენცია ნბა-ში.